სეზონის მატჩი ბათუმში დასრულდა - მჭედლიძემ სადებიუტო გოლით თბილისელებს ქულა მოუტანა [ვიდეო]

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური ჩემპიონატის მთავარი შეხვედრით დასრულდა – ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა.

ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ლიდერებისა და ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატების მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა – 29 მატჩში ორივე გუნდმა 61 ქულა დააგროვა და გამარჯვებული ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა. მეტოქეებს ხელს მატჩამდე წამოსული წვიმაც უშლიდათ, რის გამოც დამძიმებულ საფარზე ბურთის გაგორება ჭირდა და შესვენებაზე გუნდები უგოლო ფრეთი 0:0 გავიდნენ.

ანგარიში მეორე ტაიმში ჯოვინო ფლამარიონის მონდომების შედეგად შეიცვალა: 55-ე წუთზე ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და სეზონში მე-16 გოლი გაიტანა 1:0.

თბილისელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს. 83-ე წუთზე მოედანზე ახლად შემოსულმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ბათუმელთა საჯარიმოში ორთაბრძოლა მოიგო და ბურთთან პირველივე შეხებით წონასწორობა აღადგინა 1:1. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ უშუალო კონკურენტებმა 62-62 ქულა დააგროვეს და კვლავ ერთად ლიდერობენ. თუმცა, ჩემპიონატს თანაბარი ქულებით თუ დაასრულებენ, პირადი შეხვედრებით უპირატესობა ბათუმის „დინამოს“ ექნება, რადგან თბილისის „დინამოს“ მიმდინარე სეზონში ორი მატჩი მოუგო, ერთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულეს.