სეზონის განახლებამდე „სამგურალი“ გაძლიერდა
სეზონის განახლებამდე „სამგურალი“ გაძლიერდა

სეზონის განახლებამდე წყალტუბოს „სამგურალში“ მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გევრდი ავრცელებს.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი ბექა ტუღუშმა და ბაქარ ლაღაძემ დატოვეს. პირველი მათგანი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუბრუნდა.

„სამგურალმა“ ახალი ფეხბურთელები დაიმატა. წყალტუბოს გუნდის ახალწვეულები არიან: გიორგი თევზაძე, დავით რაჟამაშვილი და ლუკა ასათიანი. მათ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმეს.

გიორგი თევზაძე 23 წლის მარცხენა მცველია და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია. 14 წლის ასაკში თბილისის „საბურთალოში“ ჩაირიცხა, სადაც ოთხი სეზონი გაატარა. იგი 18 წლიდან თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა, სადაც სამი სეზონი (2016–2018) ითამაშა და 2016 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი, დავით ყიფიანის თასისა და საქართველოს სუპერთასის მფლობელი. შემდეგ კარიერა უცხოეთში, სლოვაკურ „ჟილინაში“ გააგრძელა, საიდანაც 2019 წელს „საბურთალოში“ დაბრუნდა. თბილისურ გუნდში ნახევარი სეზონი გაატარა, ბოლოს კი „რუსთავში“ ასპარეზობდა. ნათამაშები აქვს ყველა ასაკობრივ ნაკრებში 14-წლიანებიდან დაწყებული, ახალგაზრდული ნაკრების ჩათვლით.

დავით რაჟამაშვილი გორელია. 31 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი სხვადასხვა წლებში თამაშობდა გორის „დილაში“, „ზესტაფონში“, „სამტრედიასა” და ბოლნისის „სიონში“. არის ორგზის საქართველოს ჩემპიონი „ზესტაფონთან“ (2011–2012 წლების სეზონში ) და „სამტრედიასთან“ (2015–2016) ერთად, საქართველოს სუპერთასის სამგზის გამარჯვებული „ზესტაფონისა“ (2011–2012,2012–2013წწ.) და „სამტრედიის” (2016–2017) რიგებში. გასულ სეზონში რაჟამაშვილი ჩოხატაურის „ბახმაროში“ თამაშობდა.

21 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ასათიანი 35-ე სკოლის აღზრდილია და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები წევრი იყო. 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას შენიშნეს პოლონური „იაგელონიას“ სელექციონერებმა და 2016 წელს მიიწვიეს. ამის შემდეგ იჯარით ითამაშა „სუვალკიში“ და „ზამბროვში“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ „რუსთავში“ ირიცხებოდა.