სეზონი წარმატებით უნდა დავხუროთ - „სამგურალის“ მოთამაშეები „დილასთან“ მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ #1TVSPORT
სეზონი წარმატებით უნდა დავხუროთ - „სამგურალის“ მოთამაშეები „დილასთან“ მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ გორის „დილასთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც კონფერენს ლიგის საგზურის მფლობელს გაარკვევს. გუნდის ლიდერები გორში გასამართავ თამაშს იმედიანად ხვდებიან:

ჯეფერსონ ჯერალდო (ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი 13 პასით): „ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრს არ სჯეროდა, რომ „სამგურალი“ სამეულში მოხვედრას შეძლებდა, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კარგი განწყობილებით ვხვდებით. „დილა“ ძალიან ძლიერი გუნდია და ურთულესი მატჩი გველის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და სეზონი „ოქროს გასაღებით“ დავხუროთ“.

დემურ ჩიხლაძე: „სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. გორის „დილა“ ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე თამაშობს, თუმცა ჩვენი პლუსები გვაქვს. ბიჭები 100 პროცენტით მზად არიან და წარმატებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს შედეგი შემთხვევით არ მოსულა, სეზონის დაწყებიდან გუნდმა გრძელი და რთული გზა გაიარა. ვფიქრობ, „სამგურალი“ მესამე ადგილს იმსახურებს. საკმაოდ დიდი დრო გამიცდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და მზად ვარ სათამაშოდ“.

ირაკლი რუხაძე (გუნდის ბომბარდირი, 13 გოლი): „ბოლო ტურის შეხვედრისთვის ორმაგი მოტივაციით ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ბოლო მატჩი ვირუსის გამო გამოვტოვე, მაგრამ უკვე გამოვჯანმრთელდი და სათამაშოდ მზად ვარ. მოლოდინი და მიზანი მხოლოდ ერთია – ჩვენ გვაქვს ფინალის ტოლფასი მატჩი და გორში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავდივართ. იმედი მაქვს, ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში გვერდში დაგვიდგებიან“.

ლუქმან გილმორი: „ვიცით, რამდენად ძლიერი მეტოქე გვყავს. „დილასთან“ სეზონის მთავარი თამაშია და მოგების გარდა, არაფერი დაგვავკმაყოფილებს. ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენებდით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და გამონაკლისი არც „დილაა“. მათთან წლეულს არ მოგვიგია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ჩვენ ყველა მატჩს ფინალივით ვუდგებით და საბრძოლველად ახლაც მზად ვართ“.

„სამგურალი“ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრას გორის „დილასთან“ სტუმრად 3️ დეკემბერს გამართავს, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. „სამგურალი“ მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში კონკურენტთან ერთქულიანი უპირატესობით ჩადის.