„სევილიას“ ბაზას გულშემატკივრები დაესხნენ თავს, კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა #1TVSPORT

14:51, 11.05.2025

„სევილია“ ოფიციალური განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები თავს დაესხნენ კლუბის ავტობუსსა და ბაზას.

ლა ლიგას 35-ე ტურში სტუმრად „სელტასთან“ (2:3) წაგების შემდეგ, „სევილიას“ ფანები გუნდს სან-პაბლოს აეროპორტში დახვდნენ. გუნდმა ისე დატოვა აეროპორტი, რომ გულშემატკივრებს არ შეხვდა. ამის გამო, საკლუბო ბაზასთან ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. საკლუბო ავტობუსი ბაზაზე პოლიციის გაძლიერებული დაცვისა და სამოქალაქო გვარდიის თანხლებით მივიდა. ძალოვანებს ჰაერში რეზინის ტყვიების გაშვებაც კი მოუწიათ ბრბოს შესაჩერებლად, რომელმაც ავტობუსს კვერცხები დაუშინა. ფანები სალანძღავ სიტყვებს ისროდნენ „სევილიას“ პრეზიდენტის ხოსე კასტროს მისამართით. გულშემატკივრები არ იშლებოდნენ და მოთამაშეებს ბაზის შესასვლელთან ელოდნენ, ერთ-ერთმა ჯგუფმა კი ბარიერი დაამტვრია და ბაზაზე შეჭრა სცადა.

„სევილია“ მკაცრად გმობს შაბათს ორგანიზებულ თავდასხმას. კლუბს ესმის, რომ გუნდში არსებული სიტუაცია, რომელიც არც ერთ ფეხბურთელს არ სურს, პროტესტს იწვევს, მაგრამ ის დაუშვებელია, თუ მას ახლავს აგრესია, მუქარა და ვანდალიზმი.

კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს პოლიციას ყველა დამნაშავის გამოვლენაში და იმოქმედებს უკომპრომისოდ“, – წერია „სევილიას“ განცხადებაში.

ლა ლიგას 35 ტურის შემდეგ, „სევილია“ 38 ქულით მე-16 ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

მსგავსი