სეტიენი გრიზმანზე - ბოდიშს არ მოვუხდი, რთულია შემადგენლობაში მისთვის ადგილის პოვნა
სეტიენი გრიზმანზე - ბოდიშს არ მოვუხდი, რთულია შემადგენლობაში მისთვის ადგილის პოვნა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ატლეტიკოსთან“ (2:2) მატჩის შემდეგ ილაპარაკა მცირე სათამაშო დროზე, რომელსაც კატალონური გუნდის ფორვარდი ანტუან გრიზმანი იღებს.

ბოლო სრული მატჩი „ბარსელონაში“ გრიზმანმა 16 ივნისს ჩაატარა, როცა გუნდმა „ლეგანესის“ (2:0) წინააღმდეგ ითამაშა. შემდეგ იყო 14 წუთი „სევილიას“ (0:0) წინააღმდეგ, 65 წუთი „ბილბაოსთან“ (1:0) და 10 წუთი „სელტასთან“ (2:2). „ატლეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.

„დაველაპარაკები გრიზმანს. არ ვაპირებ მისთვის ბოდიშის მოხდას, მაგრამ მესმის, რომ შეიძლება თავს ცუდად გრძნობდეს. მეც ვწუხვარ მის გამო, რადგან შესანიშნავი პროფესიონალი და ბრწყინვალე ადამიანია. რიკი პუჩი კარგად მუშაობდა, სუარესი ყოველთვის უნდა იყოს მოედანზე, ასევე ლეოც. რთულია მოუძებნო ადგილი გრიზმანს ისე, რომ შემადგენლობაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს“, – თქვა სეტიენმა.

როგორც „მუნდო დეპორტივო“ წერს, სეტიენსა და გრიზმანს შორის პირადი საუბარი უახლოეს პერიოდში შედგება.

ამ სეზონში ფრანგმა „ბარსელონას“ რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.