სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში  - საგანმანათლებლო პროექტს კურსდამთავრებულების მეოთხე თაობა ჰყავს #1TVSORT
სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში  - საგანმანათლებლო პროექტს კურსდამთავრებულების მეოთხე თაობა ჰყავს #1TVSORT

დასრულდა საგანმანათლებლო პროექტი „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“, რომლის კურსდამთავრებულებსაც სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟანა ანთიამ გადასცეს.

სწავლება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით იმართება, უეფა-ს საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მეოთხედ, GIPA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კი უკვე მესამედ იმართება.

კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა, საზოგადოებასთან ურთიეროთბისა და მარკეტინგის საფუძვლები, საფეხბურთო ღონისძიების ორგანიზება, სტადიონების მართვისა და უსაფრთხოების საკითხები, ფინანსები და სხვა. კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სემინარებს. აღსანიშნავია, რომ წელს სერთიფიკატი ოთხმა გოგონამ აიღო.

ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს წარმომადგენლებმა და ლექტორებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და საფეხბურთო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრეს:

„პროექტი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საფეხბურთო განათლება ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მინდა, თითოეულ მონაწილეს მივულოცო კურსის წარმატებით დასრულება და ვუსურვო, რომ ის განათლება რაც აქ შეიძინეს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოიყენონ“ – ამბობს დავით მუჯირი.

ჟანა ანთია: „ეს საგანმანათლებლო კურსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები იშვიათად იღებენ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გადაწყვეტილებას. ამ მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამორჩეულია. სამი წლის წინ ერთობლივად დავსახეთ მიზნები ამ პროექტთან დაკავშირებით და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროექტის მონაწილეები დიდ წარმატებას მოუტანენ ფეხბურთის განვითარებას საქართველოში“.