სერხიო რამოსს „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება
სერხიო რამოსს „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება

მადრიდის „რეალის“ ცენტრალურ მცველს სერხიო რამოსს, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ „ელ კლასიკოს“ გამოტოვება მოუწიოს, – წერს „მუნდო დეპორტივო“.

წყაროს ცნობით, ლა ლიგას ხელმძღვანელობა განიხილავს „რეალის“ კაპიტნის კრიტიკულ გამონათქვამს არბიტრ ალეხანდრო ხოსე ერნანდესის მიმართ, რომელიც „ლევანტესთან“ ბოლო ტურის მატჩს სჯიდა. ეს შეხვედრა „რეალმა“ 0:1 წააგო და ლიდერობა დაკარგა.

„მსაჯმა გამაცოფა. ადრე, არბიტრები უფრო მეტ პატივისცემას ამჟღავნებდნენ, კაპიტნებს შეეძლოთ მათთან დალაპარაკება. ვკითხე ერნანდესს – ჰქონდა თუ არა პრობლემები პირადად ჩემთან. თუ ჰქონდა, მაშინ უნდა დაეკონკრეტებინა, რათა ერთად გაგვერკვია პრობლემის არსი”, – განაცხადა მატჩის შემდეგ რამოსმა.

ლა ლიგამ, შესაძლოა, ეს განცხადება აღიქვას, როგორც მსაჯის კრიტიკა და ამის გამო, სერხიო რამოსს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწეროს.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი პირველ მარტს, მადრიდში გაიმართება.