სერხიო რამოსს ჩინეთში სურს კარიერის გაგრძელება
სერხიო რამოსს ჩინეთში სურს კარიერის გაგრძელება

„რეალ მადრიდის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა, რათა ჩინეთის ერთ-ერთ კლუბში გადასულიყო თავისუფალი აგენტის სტატუსით, მაგრამ ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელი უარით გაისტუმრა.

ამის შესახებ თავად სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა ესპანურ რადიო „ონდა სეროს“ ეთერში.

„რამოსი და მისი აგენტი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ ძალიან კარგი შემოთავაზება აქვთ ჩინეთიდან, მაგრამ მათი ლიგის კანონები სატრანსფერო თანხის გადახდის უფლებას არ იძლევა“, – განაცხადა პერესმა, – „რა უნდა მეპასუხა? ვუთხარი, რომ ეს ვერ მოხდებოდა. არ შეიძლება კაპიტნის ასე გაშვება, რადგან ეს ცუდი პრეცედენტი იქნება სხვა ფეხბურთელებისთვის“.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამოსსა და პერესს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ დაიძაბა, როდესაც პრეზიდენტმა ამ წარუმატებლობაში ფეხბურთელები დაადანაშაულა.

„დავიღალე და ყელში ამოვიდა ყველაფერი“, – ამ სიტყვებს სერხიო რამოსს კიდევ ერთი ესპანური რადიო, „კადენა კოპე“ მიაწერს.