სერხიო რამოსი საფეხბურთო კლუბ „სევილიის“ შეძენასთან ახლოს არის #1TVSPORT
ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა საფეხბურთო კლუბ „სევილიის“ შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას Cadena SER-ი ავრცელებს.
როგორც წყარო წერს, პროცესში ჩართული იქნება რამოსის პარტნიორი მარტინ ინკიც, რომელიც Five Eleven Capital-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევა.
„სევილიაში“ უნდა ჩატარდეს სრულყოფილი ფინანსური აუდიტი, რის შემდეგაც მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო პასუხის გასაგებად რამდენიმე თვე იქნება საჭირო.
ასევე ცნობილია, რომ იმ კლუბის შესაძენად, სადაც კარიერის ორი მონაკვეთი გაატარა, რამოსს 450 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
ესპანელმა „სევილიაში“ პირველად 2003-2005 წლებში ითამაშა, რის შემდეგაც მადრიდის „რეალში“ გადავიდა. მოგვიანებით, პსჟ-ში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ცენტრალური მცველი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და „სევილიას“ 2023/24 წლების სეზონში შეუერთდა.