სერხიო რამოსი მწყობრშია და ელ-კლასიკოსთვის ემზადება
სერხიო რამოსი მწყობრშია და ელ-კლასიკოსთვის ემზადება

ESPN-ის ცნობით მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი მწყობრშია და შაბათს, 24 ოქტომბერს, „ბარსელონასთან“ გასამართი შეხვედრისთვის ემზადება.

ესპანელმა ფეხბურთელმა წინა ტურში „კადისთან“ ტრავმა მიიღო და მატჩის ნაადრევად დატოვება მოუწია. ექიმები მოხარულები არიან, რომ რამოსის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა და მადრიდულ კლუბს ელ-კლასიკოში მისი ლიდერის გარეშე თამაში არ მოუწევს.

ზინედინ ზიდანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ მარცხი განიცადა (2:3) და უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრაში რამოსს მონაწილეობა არ მიუღია.

ბოლო 8 თამაშიდან, რომელიც „რეალმა“ ესპანელი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა 7 წააგო, ამიტომ კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შაბათს კაპიტნის მოედანზე ყოფნა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზიდანს ყველაფრის გამოსწორებისთვის 2 მატჩს აძლევს და ერთ-ერთი სწორედ ეს შეხვედრაა.

ბარსელონა-რეალი შაბათს, 24 ოქტომბერს, 18:00-ზე დაიწყება.