სერხიო რამოსი „მონტერეის“ ტოვებს და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი სერხიო რამოსი მექსიკური „მონტერეის“ დატოვებას აპირებს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
გაზეთი AS-ი ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ზე დაყრდნობით წერს, რომრამოსი განწყობილია „მონტერეიდან“ წასვლისკენ, მაგრამ კარიერის დასრულებას არ აპირებს. მას სურს რომელიმე ესპანურ კლუბში თამაში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში გადასვლა – იმ პირობით, რომ შესაფერის წინადადებას მიიღებს.
აღნიშნავენ, რომ რამოსის გადაწყვეტილებაზე ორმა ფაქტორმა იმოქმედა: პირველი – მისი ოჯახი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ესპანეთში, ვიდრე მექსიკაში; მეორე – ფეხბურთელს სურს, ითამაშოს ესპანეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე.
39 წლის სერხიო რამოსს მიაჩნია, რომ, მაღალ დონეზე რეგულარული თამაშის შემთხვევაში, ის შეძლებს დაარწმუნოს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, განიხილოს ვეტერანის კანდიდატურა.
ბოლოს სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 2021 წელს ითამაშა.