სერხიო რამოსი - კარიერას რეალ მადრიდში დავასრულებ
სერხიო რამოსი - კარიერას რეალ მადრიდში დავასრულებ

„რეალ მადრიდის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ჩინეთიდან არსებული შეთავაზების მიუხედავად, სურს კარიერა ამჟამინდელ კლუბში დაასრულოს.

მადრიდული სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ოთხშაბათს, 29 მაისს, განაცხადა, რომ რამოსმა მას გუნდიდან გაშვება თავისუფალი აგენტის სტატუსით სთხოვა, რადგან ჩინურ სუპერლიგაში სურდა თამაში. მოგვიანებით გავრცელებული კულუარული ინფორმაციით კი რამოსს ბანკ „სანტანდერის“ ვალი აქვს, რომლის ოდენობა 35 მილიონი ევროა და სწორედ ჩინეთში გაფორმებული კონტრაქტით გეგმავდა ამ ვალის დაფარვას.

მიუხედავად ამისა, დღევანდელ პრეს-კონგფერენციაზე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არესად აპირებს წასვლას.

„ჩინეთიდან შეთავაზება ნამდვილად მაქვს, არ მოგატყუებთ“, – განაცხადა 33 წლის რამოსმა, რომელიც „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს, ამჟამინდელი კონტრაქტი კი 2021 წელს ეწურება. – „მაგრამ ჩემი ოცნება კარიერის აქ დასრულებაა. არც ერთი წუთით არ მიფიქრია ჩინეთში წასვლა. გუშინ პრეზიდენტთან მივედი და ყველა საკითხს ნათელი მოვფინეთ“.

რამოსთან ერთად მადრიდულმა სამეფო კლუბმა 14 წელიწადში 20 ტიტული მოიგო, მათ შორის ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონობა  და უეფას ჩემპიონთა ლიგა.