სერხიო რამოსი ელ კლასიკოს კარიერაში პირველად გამოტოვებს #1TVSPORT
სერხიო რამოსი ელ კლასიკოს კარიერაში პირველად გამოტოვებს #1TVSPORT

„რეალის“ მცველი სერხიო რამოსი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში „ბარსელონასთან“ მატჩს პირველად გამოტოვებს, – იუწყება ჟურნალისტი მანუ ერეიდა. 

„სამეფო კლუბისა“ და კატალონიური გრანდის დაპირისპირება, რომელიც ელ კლასიკოს სახელით არის ცნობილი, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და პოპულარული სპორტული დუელია, მადრიდელებისთვის კი რამოსი მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.

სერხიო რამოსს ტრავმა აწუხებს და ცნობილი იყო, რომ ის, უდიდესი ალბათობით, ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრას გამოტოვებდა. თუმცა, ელ კლასიკოს მატჩში „რეალის“ შემადგენლობის დასახელების შემდეგ, რამოსის არყოფნა ოფიციალურად დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ელ კლასიკოს მატჩებში მონაწილეობის რაოდენობით სერხიო რამოსი რეკორდსმენია და მას მხოლოდ ერთი შეხვედრით ჩამორჩება კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი. დღევანდელ მატჩში მონაწილეობით კი „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი ამ პრესტიჟულ რეკორდს რამოსთან ერთად გაიყოფს.

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ბარსელონა“ მეორე პოზიციაზე იმყოფება, მესამეადგილოსან „რეალს“ ორი ქულით უსწრებს, ხოლო ლიდერ „ატლეტიკოს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.