„ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, შესაძლოა, კარიერა „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) გააგრძელოს, – წერს ესპანური პრესა.
გაზეთ „მარკას“ (Marca) ინფორმაციით, ესპანელს მოსწონს ჩრდილოამერიკული ჩემპიონატი და განიხილავს კარიერის გაგრძელებას სწორედ ოკეანის გაღმა. 30 წლის ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მის ასაკში უკვე უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ სად ითამაშებს „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ. ამასთან, ბუსკეტსმა ინტერვიუში ხუმრობით ახსენა, რომ, შესაძლოა, „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს, რათა ზღვასთან უფრო ახლოს იყოს. თუმცა, მისი მეგობრობა კლუბის მფლობელთან დევიდ ბექჰემთან მიუთითებს იმაზე, რომ ამგვარი ტრანსფერი, შესაძლოა, მართლაც შედგეს.
სერხიო ბუსკეტსმა მიმდინარე სეზონში 47 მატჩი ჩაატარა „ბარსელონაში“ და ორი საგოლე პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.