სერიები გრძელდება, მოურინიო შვებულებაში გასვლას მაისამდე არ აპირებს, ელერდაისი და ჰოჯსონი ფორმაში არიან | პრემიერლიგის მე-17 ტურის მიმოხილვა
სერიები გრძელდება, მოურინიო შვებულებაში გასვლას მაისამდე არ აპირებს, ელერდაისი და ჰოჯსონი ფორმაში არიან | პრემიერლიგის მე-17 ტურის მიმოხილვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში მანჩესტერ სიტის მსხვერპლი ამჯერად უელსის სუონსი გახდა, რომელიც სულს ღაფავს და აშკარა აუტსაიდერია. ლიდერმა გასვლაზე დიდი ანგარიშით 4:0 მოიგო. ეს გახლდათ მანჩესტერ სიტის ზედიზედ მე-15 გამარჯვება პრემიერლიგაში, რაც ინგლისის ახალი რეკორდია. მანამდე გვარდიოლამ ანალოგიური რეკორდები ესპანეთში და გერმანიაში დაამყარა, როდესაც ბარსელონასთან ერთად ზედიზედ 16 მატჩი მოიგო და ბაიერნს 19 გამარჯვება მოუტანა. სიტიმ 11 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

თამაშს თამაშზე მანჩესტერ იუნაიტედიც იგებს, ოღონდ ოლდ ტრაფორდზე, სადაც მასპინძლებმა ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგეს. ლუკაკუმ პრემიერლიგაში 18 ნოემბრის შემდეგ შეძლო გატანა და იუნაიტედს ბორნმუთთან 1:0 მოაგებინა. მატჩის შემდეგ კითხვაზე გარკვეულია თუ არა ჩემპიონის ვინაობა მოურინიომ უპასუხა -ყველაფერი გარკვეული რომ იყოს შვებულებაშას ავიღებდი და ბრაზილიაში ან ლოს ანჟელესში წავიდოდი დასასვენებლადო, ჩემპიონი მაისში გაირკვევა, ბრძანა განსაკუთრებულმა.

ჩელსიმ ადვილად 3:1 მოუგო გასვლაზე ჰადერსფილდს და კვლავ მესამეა. პოჩეტინიო ძალიან გაახარა ზედიზედ მესამე თამაშის მოგებამ.

ტოტენჰემმა 2:0 სძლია ბრაიტონს და მეოთხე ადგილზე ავიდა. შემდეგ ტურში დეზებს მანჩესტერ სიტი გამოცდის.

ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო პრემიერლიგაში ენფილდზე ლივერპულმა. კლოპის გუნდმა ვესტ მბროვიჩს ვერ გაუტანა. ასევე 0:0 დასრულდა ლონდონური დერბი ვესტ ჰემი-არსენალი. მოიესის გუნდს მთელი მატჩის მანძილზე ზუსტად კარში არ დაურტყამს. ბევრი მომენტი არც არსენალს ჰქონია. ვენგერის გუნდი მე-7 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო ლესტერმა. მელიებმა დიდი ანგარიშით 4:0 გაიმარჯვეს საუთჰემტონში. გასვლაზე ლესტერი უკვე 7 ტურია არ აგებს.

რუნის გოლით ევერტონმა ნიუკასლში 1:0 მოიგო. სახე უცვალა გუნდს ელერდაისმა, რომელმაც ევრტონის საშობა წვეულებაც გააუქმა. ბოლო 4 მატჩში, გუნდმა 10 ქულა აიღო და მეათე ადგილზეა.

როი ჰოჯსონმაც შეცვალა კრისტალ პალასი. მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის მანძილზე აგებდნენ უოტფორდთან, მაგრამ 89-ე და 92-ე წუთზე გატანილი გოლებით ჰოჯსონის გუნდმა 2:1 მოიგო და უკვე 6 ტურია არ აგებს.

ისევ წააგო სტოკმა, ამჯერად გასვლაზე ბარნლისთან 0:1. ბოლო 5 მატჩში სტოკი მეოთხედ დამარცხდა და მარკ ჰიუზსაც სავარაუდოდ მალე ჩემოდნების ჩალაგება მოუწევს.