სერია A-ს ახალი კალენდარი Boxing Day-სა და ზამთრის პაუზას მიიღებს
სერია A-ს ახალი კალენდარი Boxing Day-სა და ზამთრის პაუზას მიიღებს

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჯოვანი მალაგომ სერია A-ს 2018-19 წლების სეზონის კალენდარში რადიკალური ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. ახალი სისტემა Boxing Day-სა და ზამთრის პაუზას ითვალისწინებს.

„სერია A-ში მომდევნო სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება, იტალიის სუპერთასის მატჩი კი 12 აგვისტოს გაიმართება. ახალ სეზონში ორი პაუზა იქნება – სექტემბერსა და აპრილში. გარდა ამისა, გამოვიყენებთ Boxing Day-ს ფორმატს – მატჩები გაიმართება 22, 26 და 30 დეკემბერს, შემდეგ კი სეზონი 20 იანვარს განახლდება“, – განუცხადა Football Italia-ს მალაგომ.

მისივე ინფორმაციით, 13 იანვარი გამოყოფილი იქნება იტალიის თასის მატჩებისთვის. ფორმატი აქაც იცვლება. კერძოდ, „განთესილი“ გუნდებისთვის არ იარსებებს პრივილეგია საშინაო მოედნის სახით – გაიმართება წილისყრა.

ასევე, ცვლილებები იქნება სატრანსფერო ფანჯრებში. ზაფხულის ფანჯარა დაიხურება 18 აგვისტოს – სერია A-ს დაწყებიდან 24 საათით ადრე. იგივე მოხდება ზამთარში – ფანჯარა დაიხურება 19 იანვარს.