სერია A-ს ყველაზე დინამიური დუეტი - ოსიმენმა გოლების 37.5% კვარაცხელიას გადაცემებით გაიტანა #1TVSPORT
სერია A-ს ყველაზე დინამიური დუეტი - ოსიმენმა გოლების 37.5% კვარაცხელიას გადაცემებით გაიტანა #1TVSPORT

ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა, WhoScored-მა „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში „ნაპოლის“ თავდამსხმელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს სერია A-ს სეზონის საუკეთესო დუეტი უწოდა და სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 16 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. WhoScored-ი სტატისტიკის გამოქვეყნებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ნაპოლის“ ნიგერიელმა თავადმსხმელმა ბურთების თითქმის 40 პროცენტი (37,5%) ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემებით გაიტანა.

„ამ სეზონში სერია A-ში საუკეთესო კომბინაცია: კვარაცხელიას ასისტებით ოსიმენის გოლი – 6. „ნაპოლის“ დინამიური დუეტი“, – საერთაშორისო პორტალის გვერდზე გამოქვეყნებული ლაკონური ფრაზიდან ყველაფერი კარგადაა ახსნილი.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. ოსიმენის ანგარიშზე 19 შედეგიანი ქმედებაა: 16 გოლი +3 პასი. კვარაცხელია მას მცირედით ჩამორჩება – მან 17 შედეგიანი ქმედება განახორციელა – 8 გოლი +9 საგოლე გადაცემა.

ევროპის ტოპ 5 ლიგის მოთამაშეებიდან, რომლებმაც 10+ გოლი გაიტანეს და 10+ საგოლე გადაცემა შეასრულეს, კვარაცხელია ყველაზე ახალგაზრდაა – მან ყველა ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 12 გადაცემა შეასრულა. დანარჩენები არიან ლიონელ მესი, ნეიმარი, რენდალ კოლო მუანი და სერჟ გნაბრი.