სერია A-ს ოფიციალური გვერდი - ხვიჩა კვარაცხელია ფერწერას უბრუნდება #1TVSPORT
სერია A-ს ოფიციალური გვერდი - ხვიჩა კვარაცხელია ფერწერას უბრუნდება #1TVSPORT

სერია A-ს ბოლო ტურში „უდინეზესთან“ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების მედია გამოეხმაურა.

sport.sky.it: „ნაპოლიმ ისევ იპოვა საკუთარი თამაში. კვარაცხელიამ ოსიმენი გამოაჩინა და ოსიმენმა – კვარაცხელია. მშვიდმა ქართველმა ნიგერიელი თავდამსხმელისგან გაბრაზება გადაიღო. სამაგიეროდ, ოსიმენმა მოიცვა „ნაპოლის“ სუპერგმირის ნიღაბი, გოლი მშვიდად იზეიმა და მოედანიც მშვიდად დატოვა.

„ნაპოლი“ ისევ შარშანდელივით ათამაშდა. კვარაცხელიას 19 მარტიდან არ გაუტანია გოლი. პაუზა 189 დღე გაუგრძელდა. კვლავ გაღიმებული ხვიჩას დანახვამ გასული სეზონი გაგვახსენა“.

Kicker: „ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მორიგი გოლი გაიტანა, ამისთვის მას ექვს თვეზე მეტხანს დასჭირდა ლოდინი. „უდინეზეს“ დამარცხების შემდეგ მან უზარმაზარი შვება იგრძნო არამხოლოდ გოლის გამო. ქართველმა ვერ გაიტანა ჩემპიონატის 16 მატჩში და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთ შეხვედრაში.

მონდომების გამო „უდინეზესთან“ გოლით დაჯილდოვდა. გოლის მომენტში კი მისი საშემსრულებლო ოსტატობა გამოჩნდა. „უდინეზეს“ მეკარეს, სილვესტრის ბურთი თავზე ტექნიკურად გადაუგდო და ცარიელ კარში გაიტანა“.

Სერია A-ს ოფიციალური გვერდი მოკლედ წერს: „კვარავაჯო უბრუნდება ფერწერას“.

Gazzetta: „ნაპოლი“, ოსიმენი და კვარა კვლავ ანათებენ“.

DAZN Italia: „გამოიცანით, ვინ დაბრუნდა? მოიპოვა პენალტი, ორჯერ ძელს გაარტყა, გაიტანა გოლი, შეასრულა საგოლე გადაცემა. ასახსნელად სიტყვები ზედმეტია, კვარა ფენომენია.

ღმერთო ჩემო, ეს შეხება, რომლითაც მეკარეს გასცდა, გასაოცარი იყო. ეს სურათი შეიძლება მსოფლიოს საფეხბურთო სკოლებში გამოფინო“.