სერგო კუხიანიძე - „ნარვა ტრანსთან“ ადაპტაცია რთული არ იქნება, რადგან ქართველები გვერდით მყავს #1TVSPORT
სერგო კუხიანიძე - „ნარვა ტრანსთან“ ადაპტაცია რთული არ იქნება, რადგან ქართველები გვერდით მყავს #1TVSPORT

ესტონეთის თასის მფლობელი „ნარვა ტრანსის“ ქართველმა ახალწვეულმა, სერგო კუხიანიძემ გუნდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში საკუთარ არჩევანზე, ახალ კლუბსა და ქართველ თანაგუნდელებზე ისაუბრა.

„2017 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მშობლიური კლუბის დატოვება.

2021 წელი „სამგურალში“ წარმატებული გამოდგა. ჩემი სჯეროდათ და თამაშის საშუალება მომცეს, ამიტომ საკმაოდ ბევრი გავიტანე. ზაფხულში ნაკრებში დამიძახეს, რაც უფრო იღბლის შედეგია. საქართველოში ბევრი კარგი თავდამსხმელი გვყავს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ძლიერ უცხოურ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ იმ მომენტში არჩევანი ჩემზე შეჩერდა.

ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია, ღია, მეგობრული და გამგები პიროვნებაა. მას უყვარს ყურადღების მიქცევა მცირე დეტალებზე, რომლებიც თამაშის დროს ნამდვილად გეხმარება. ახალ კლუბში მომაქცევს თუ არა ყურადღებას? რატომაც არა? გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ახლა ესტონეთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების რამდენიმე კანდიდატია. თუ კარგად ვითამაშებთ, ხოლო გუნდი მაღალი დონის თამაშს აჩვენებს და ცხრილის სათავეში იქნება, მაშინ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ყურადღებას მოგვაქცევს.

2021 წლის წარმატებული სეზონის შემდეგ ბევრი აღარ გამიტანია. რატომ? რთული პერიოდი მქონდა, რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა – ძირითადი მიზეზი კი ტრავმები იყო. ახლა ისიც მესმის, რომ სადღაც ისე არ მოვიქეცი, როგორც საჭირო იყო, ზოგიერთ ამბავზე სწორად არ ვრეაგირებდი. მას შემდეგ სერიოზულად გადავხედე ჩემს შეხედულებებს ბევრ საკითხზე. ახლა ბევრად მეტს ვმუშაობ და ჯანმრთელობასაც უფრო ვუფრთხილდები. ნეგატიური გამოცდილებაც ის გამოცდილებაა, რომელიც შევიძინე, რათა მომავალში შეცდომა არ გავიმეორო.

ნარვა ტრანსის“ ახალ მცველთან, შალვა ბურჯანაძესთან ერთად მხოლოდ „სამგურალში“ არ ვთამაშობდი, ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ქუთაისის „ტორპედოში“ გამოსვლა ერთად დავიწყეთ და გუნდიც ერთად დავტოვეთ. ნემსაძესთანაც გადავიკვეთეთ, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ბეგლარიშვილთან თამაში კი ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა ერთად ვითამაშებთ.

პირადი მიზნები? მთავარია, გუნდმა კარგი შედეგები აჩვენოს. დავიწყებთ სუპერთასის მატჩით, რომელიც ძალიან მალე გაიმართება. როგორც თავდამსხმელი, მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი საგოლე შანსები გამოვიყენო. ძალიან მიყვარს ლამაზი გოლების გატანა, არ ვარ თავდამსხმელის ის ტიპი, რომელსაც მხოლოდ კომბინაციების დასრულება შეუძლია, რაღაცის შექმნაც მეხერხება.

პირველი შთაბეჭდილებები გუნდსა და ზოგადად ნარვაზე? მომეწონა, რადგან წყნარი ქალაქია. როცა ამინდი გაუმჯობესდება, ფეხით ბევრს ვივლი. „ნარვა ტრანსს“ მეგობრული სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. მთავარი მწვრთნელის ხედვა მომეწონა, რადგან შემტევი ფეხბურთის მომხრეა. მოთამაშეებმაც ძალიან კარგად მიმიღეს – ადგილობრივებმაც და უცხოელებმაც. ადაპტაცია ნამდვილად არ იქნება რთული, რადგან ქართველი ძმები გვერდით მყავს“.