სერგო ჩიხლაძე - რომ არა ევროკავშირის ჩართულობა, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ რაუნდზეც არ მოვიდოდნენ
სერგო ჩიხლაძე - რომ არა ევროკავშირის ჩართულობა, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ რაუნდზეც არ მოვიდოდნენ

რომ არა ევროკავშირის ჩართულობა, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ რაუნდზეც არ მოვიდოდნენ, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“

„ჩვენ მაშინაც, როცა ოთხი საკითხი გვქონდა ჩამოყალიბებული – საარჩევნო გარემო, პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები, რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ ოპონენტებს, მაგრამ იქითა მხრიდან გარკვეულ საკითხებზე იყო სრული კედელი და განცხადებები, რომ ეს წითელი ხაზია. თუმცა, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს საკითხები არის ამ ექვს პუნქტშიც და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ბატონმა ღარიბაშვილმაც დაადასტურა, რომ კი, ამ საკითხებზე ვისაუბრებთო. გამოდის, ეს წითელი ხაზი აღარ არის“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, იმ მოცემულობაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას, რამდენად მყარია ოპოზიციის მხრიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ლეგიტიმურია და ასე რომ არ იყოს, ეს საკითხი არც ექვს პუნქტში ჩაიწერებოდა და არც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაადასტურებდა, რომ მხარეებმა ამაზე უნდა ისაუბრონ.

„არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება თუ არა, ამას ვერ გვეტყვის ვერც ოდირი, ვერც სახელმწიფო დეპარტამენტი და ვერც ევროკავშირი. ეს რომ ეთქვათ, ჩვენ საშუალება უნდა მოგვცემოდა, ყველა ეტაპი გაგვევლო, ყველგან მიეღოთ ჩვენი განცხადებები, საჩივრები დაეკმაყოფილებინათ და ა.შ. შედეგით, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგებოდა. არ დაგვავიწყდეს სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ დარღვევების ხარისხი იმაზე დიდი იყო, ვიდრე თავიდან გვეგონაო. ეს პირდაპირ წერია მათ ერთ-ერთ პირველ განცხადებაში, რომელიც არჩევნებიდან დაახლოებით, თვე-ნახევარში გაკეთდა. შემდეგ განცხადებაში უკვე ოთხი ტიპის დარღვევაა ნახსენები – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და ე.წ. კარუსელები. თუ ვადამდელი არჩევნების და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი მოთხოვნა ლეგიტიმური არ არის, მაშინ, რატომ ჩავწერეთ ეს ამ ექვს პუნქტში და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და თვითონ ბატონმა ღარიბაშვილმა რატომ დაადასტურა, რომ ამაზე უნდა ვისაუბროთ?“ – განაცხადა ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორთა ყველა გზავნილში და დოკუმენტში ნათქვამია მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიტიკური პატიმრების დევნა, მათი გათავისუფლება და ა.შ.

„ეს პირდაპირ არის ნახსენები ექვს პუნქტშიც და პირდაპირ არის ნახსენები ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა გზავნილში. ჩვენ ხომ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ამერიკელები თუ ევროპელები ინფორმირებული არ არიან და ყველაზე და ყველაფერზე ოპოზიცია ახდენს გავლენას?! ნუ, თუ მართლა ასეა, „ქართული ოცნება“ რას აკეთებს, ხელისუფლებაშია და თავისი პარტნიორებიდან ვერავინ ვერაფერში დაარწმუნა? არა! სიმართლე ის არის, რომ დიახ, პოლიტიკური კრიზისი არის და დიახ, ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, არა მარტო მელია, არამედ რურუაც, რომელიც ჯერ კიდევ წინა შეთანხმებიდან არის ციხეში ჩატოვებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.