სერგო ჩიხლაძე - ხელისუფლებამ მანდატები რომ არ გააუქმა, დრო მოიგო და მინდა, მჯეროდეს, ეს დრო მოლაპარაკებისთვის იქნება გამოყენებული
სერგო ჩიხლაძე - ხელისუფლებამ მანდატები რომ არ გააუქმა, დრო მოიგო და მინდა, მჯეროდეს, ეს დრო მოლაპარაკებისთვის იქნება გამოყენებული

ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს და მოლაპარაკებებზე პრიორიტეტული საკითხი არის ვადამდელი არჩევნები, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

ჩიხლაძის თქმით, დანარჩენი ხელისუფლების შემხვედრ წინადადებებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებიც განვიხილეთ, მაგრამ შეჯერება არაფერს მოგვცემს, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებებზე არ მოვიდა. ჩვენი მიზანია, რომ ვადამდელი არჩევნები 2021 წლის ბოლომდე ჩატარდეს და ეს ასე თუ მოხდა, გონივრული იქნება, რომ გავყოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები. როდესაც ორი არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, დიდი შანსია, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ წაიღოს ყველაფერი, საპარლამენტო მანდატებიც, ადგილობრივი მანდატებიც, რაც ძალაუფლების დიფერენციისთვის კარგი არ იქნება. კარგი იქნება, თუ 2021 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ვთქვათ, 2022 წლის გაზაფხულზე ადგილობრივი არჩევნები, თუმცა ვადებთან დაკავშირებით მოლაპარაკება, თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლება“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებამ მანდატები რომ არ გააუქმა, დრო მოიგო, რაც მოლაპარაკებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

„ქართული ოცნება“ არათუ მისაღები ან მიუღებელი წინადადებით, საერთოდ არ მოსულა მეხუთე რაუნდზე ვადამდელ არჩევნებზე ან პოლიტპატიმრებზე სასაუბროდ. გამომდინარე იქიდან, რა საკითხებით მოვა, მერე შეგვეძლება, ვთქვათ, პოზიციების დაახლოება შესაძლებელი იქნება თუ არა. მთავარი ისაა რომ, არანაირი საკითხით არ მოსულა, მეხუთე რაუნდი არ შემდგარა, რადგან „ქართული ოცნება“ არ მოსულა. ამიტომ ვამბობთ, რომ მისი პასუხისმგებლობაა, მოვიდეს გარკვეული წინადადებით, რომელზეც შემდეგ ვიმსჯელებთ.

მანდატები რომ არ გააუქმა, მან გარკვეული დრო მოიგო და მინდა მჯეროდეს, რომ ეს დრო მოლაპარაკებისთვის იქნება გამოყენებული. მეორე სცენარიც თუ წავიდა – ისევ დაშინება, მოსყიდვა, დესტრუქციული ქმედებები, ეს ქვეყანას კიდევ მეტ ჩიხში შეიყვანს“, – აცხადებს ჩიხლაძე.