სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევის გამო შეშფოთება გამოთქვა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევის გამო შეშფოთება გამოთქვა.
გარდა ამისა, სტოლტენბერგი შეშფოთებულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის საზღვაო ძალების გაძლიერებით.
ამასთან, ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთთან უფრო მეტად კონსტრუქციული ურთიერთობები სურს.
„როდესაც გვაქვს სერიოზული უთანხმოებები, როდესაც ვხედავთ, რომ დაძაბულობა მატულობს, ჩვენს საზღვრებთან კი, სამხედროების რაოდენობა იზრდება, დიალოგის წარმოება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე Associated Press-ისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში.
სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას.
უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო-ს ალიანსში კიევის მისაღებად რუსეთის ნებართვა არ სჭირდება.
„მხოლოდ უკრაინას შეუძლია, აირჩიოს თავისი გზა, სურს თუ არა ნატო-ში გაწევრიანება. საბოლოოდ მხოლოდ 29 მოკავშირე და უკრაინა წყვეტენ, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მას „ცივი ომის“ თავიდან აცილება სურს. სტოლტენბერგის განცხადებით, ის ესაუბრა სერგეი ლავროვს საზღვრებს გარეთ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ნატო-ს შეშფოთების შესახებ.