სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთთან შესაძლო ომის თაობაზე ვლადიმირ ზელენსკის განცხადებები ყურადღებას არც კი იმსახურებს
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთთან შესაძლო ომის თაობაზე ვლადიმირ ზელენსკის განცხადებები ყურადღებას არც კი იმსახურებს

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებები, რუსეთთან შესაძლო სრულმასშტაბიანი ომის თაობაზე, ყურადღებას არც კი იმსახურებს, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მიმაჩნია, რომ ეს კომენტარები ყურადღებას არც კი იმსახურებს. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ეს ყოვლისმომცველი განცხადებები რუსუფობიითაა გამსჭვალული“, – აღნიშნა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის თქმით, სამწუხაროა, რომ ზელენსკი, რომელიც ხელისუფლებაში სრულიად განსხვავებული ლოზუნგებით მოვიდა და მიიღო მხარდაჭერა, მათ შორის უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებზეც, ახლა აცხადებს, რომ, ვინც უკრაინაში ცხოვრობს და თავს რუსად თვლის, რუსეთში უნდა წავიდეს.

ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მზადაა კიევთან ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად, რადგან უკრაინელი ხალხი რუსეთისთვის მოძმეა.

„მუდმივად ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, აღვადგინოთ ნორმალური ურთიერთობები უკრაინასთან, რადგან უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ახლო და მოძმეა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი ნატო-ში გაწევრიანების იდეით არის შეპყრობილი და ასეთი რიტორიკა მათი თვალსაზრისით ამომრჩევლის ყურადღებას იპყრობს.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2008 წლის აპრილის განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში იქნებიან, ჩემი აზრით, ოფიციალური კიევის ხელისუფლებამდე დავიდა. ისინი ახლა შეპყრობილი არიან იმით და ყველგან აცხადებენ, რომ დიდი ხანია, მწიფდებიან“, – აღნიშნა ლავროვმა.