სერგეი ლავროვი - საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს მტერს და ოკუპანტს ეძახის, ეს მკაფიო ანტირუსული პოლიტიკაა
სერგეი ლავროვი - საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს მტერს და ოკუპანტს ეძახის, ეს მკაფიო ანტირუსული პოლიტიკაა

საქართველო რუს დეპუტატებსაც პირდებოდა უსაფრთხოებას, როგორც ახლა რუს ტურისტებს პირდება, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ჩვენ გვესმის, როგორ ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომ ყველა ჩვენი სტუმარი უსაფრთხოდაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრებიც სტუმრები იყვნენ და ისინი უსაფრთხოდ არ იყვნენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, „რუსეთის დელეგაცია საქართველოში მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე იყო ჩასული, რომლის თბილისში გამართვაც საქართველოს დიდი ხანია, სურდა“.

„ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის, ასამბლეის სხდომის გამართვის ადგილი, ასევე ასამბლეის თავმჯდომარე გავრილოვის განთავსება იმპროვიზებული არ ყოფილა. ეს ორგანიზატორებმა, ანუ საქართველოს პარლამენტმა გააკეთა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეც, რომელიც ლავროვმა „ანტირუსული განწყობის“ გაღვივებაში დაადანაშაულა.

„საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს მტერს და ოკუპანტს ეძახის, ეს მკაფიო ანტირუსული პოლიტიკაა“, – განაცხადა ლავროვმა.