სერგეი ლავროვი - რუსეთი არ იზიარებს თურქეთის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ
სერგეი ლავროვი - რუსეთი არ იზიარებს თურქეთის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ

რუსეთი არ იზიარებს თურქეთის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რადიოჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„განცხადებას იმის შესახებ, რომ არსებობს და დასაშვებია კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ. სამწუხაროდ, თურქეთმა ეს შეძლო და დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ გზას, რომელსაც აზერბაიჯანი აირჩევს კონფლიქტის გადაჭრისთვის, მათ შორის – ომსაც“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყარაბაღში სამშვიდობოები უნდა განლაგდნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას გააკონტროლებენ.

მისივე განცხადებით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების პოლიტიკური დარეგულირება უკვე არსებული შეთანხმებების განხორციელების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.

„წინადადებები, რომლებიც თანათავმჯდომარეებმა შეიმუშავეს და კვლავაც მუშაობენ, მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება. მათი შინაარსი უკვე ცნობილია. ეს ყარაბაღის გარშემო არსებული რაიონების ეტაპობრივი, თანმიმდევრული გათავისუფლებაა, ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტიის დაცვითა და უზრუნველყოფით,  ვიდრე განისაზღვრება ყარაბაღის საბოლოო სტატუსი“, – აღნიშნა ლავროვმა.