სერგეი ლავროვი - დასავლელი ლიდერები მუდმივად ცდილობენ რუსეთის დემონიზებას, მითიურ საფრთხეზე საუბრით, შესაძლოა, ცდილობენ ყურადღების გადატანას რეალური პრობლემების გადაჭრის უუნარობიდან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უსაფუძვლოდ მიიჩნევს დასავლეთის შეშფოთებას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მომავალში სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუტიოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრულ „მადიარ ნემზეტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„შესაძლოა, მათ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ჩვენზე მეტი იციან რუსეთის გეგმების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არაფერი ვიცით ჩვენი გეგმების შესახებ, რომლებიც „ევროპაზე თავდასხმას“ ან „ევროპაში შეჭრას“ გულისხმობს“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა დასავლელი ლიდერები რუსეთის მისამართით მტრის ხატის უსაფუძვლო შექმნაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, ევროპის მოქალაქეების რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა მათი ლიდერების მხრიდან.
„ისინი მუდმივად ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოს დემონიზებას საინფორმაციო სივრცის მანიპულირებით და საზოგადოებრივ აზრში რუსეთის ხელმძღვანელობის სავარაუდო იმპერიული ამბიციების შესახებ თეზისის განმტკიცებას. შესაძლოა, მითიურ რუსულ საფრთხეზე საუბრით, ისინი ცდილობენ ყურადღების გადატანას რეალური პრობლემების გადაჭრის უუნარობიდან – ინფლაცია, მზარდი უმუშევრობა, მოსახლეობის რეალური შემოსავლების შემცირება, არალეგალური მიგრაცია და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ზრდა. შეურაცხმყოფელი და საგანგაშოა, რომ „გაერთიანებული ევროპა“ ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აცოცხლებს და რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებს“, – ამბობს ლავროვი.