სერგეი და იმობილე ლაციოში რჩებიან, აგუერო - მანჩესტერ სიტიში
სერგეი და იმობილე ლაციოში რჩებიან, აგუერო - მანჩესტერ სიტიში

„ლაციოს“ სპორტული დირექტორის, იგლი ტარეს თქმით, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და ჩირო იმობილე მომავალ კვირას რომაულ კლუბთან ახალ კონტრაქტებს გააფორმებენ. ტარემ, რომელიც წარსულში ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი იყო და საქართველოს წინააღმდეგაც არაერთხელ უთამაშია, ამის შესახებ „სკაი სპორტთან“ ინტერვიუში განაცხადა და დაამატა, რომ შეთანხმება ორივე ფეხბურთელთან უკვე მიღწეულია.

„მხოლოდ დროის საკითხია. მომავალი კვირის დასაწყისში კონტრაქტებს ხელი მოეწერება“, – განაცხადა ტარემ.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელიც სერბეთის ნაკრების ფეხბურთელია და ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენიმე მატჩიც ჩაატარა, ორ ინგლისურ კლუბს – „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ სურდათ. სახელდებოდა თანხაც – 100 მილიონი ევრო.

მისი ამჟამინდელი კონტრაქტი „ლაციოსთან“ 2022 წლამდე მოქმედებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ამ შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივებას და უკეთეს პირობებს სთავაზობს.

რაც შეეხება 28 წლის ჩირო იმობილეს, რომელმაც ევროპა ლიგის ბოლო 10 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა, მისი კონტრაქტი „ლაციოსთან“ 2021 წელს იწურება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინელ ფორვარდ სერხიო აგუეროსთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ კლუბში ყოველთვის განსაკუთრებულად მექცეოდნენ. ჩემი სურვილი იყო, რომ აქ 10 წელი მაინც გამეტარებინა და ეს ოცნება ამისრულდა“, – განაცხადა აგუერომ, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ 2011 წლიდან თამაშობს.