„სერენმა“ მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის შემცირებას მიაღწია
„სერენმა“ მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის შემცირებას მიაღწია

ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-14 ტური გიორგი მიქაუტაძისთვის უიღბლო გამოდგა. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „სერენმა“ საშინაო შეხვედრა „მოლენბეკთან“ 0:1 წააგო, გიორგიმ ვერ გაიტანა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

85-ე წუთზე მიქაუტაძე მოედნიდან გააძევეს. „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი ბურთისთვის ბრძოლის დროს „მოლენბეკის“ წაქცეულ მცველს შემთხვევით ბუცებით დაახტა – მთავარმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგიმ ეს შეგნებულად გააკეთა და წითელი ბარათი აუფრიალა.

ბელგიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა „სერენის“ ფორვარდს მძიმე სანქცია გამოუტანა – პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ბომბარდირს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ჯარიმის სახით 1,750 ევროს გადაიხდის.

ამის შემდეგ „სერენის“ ადმინისტრაციაში ღიად განაცხადეს, რომ სანქცია არაადეკვატურად მკაცრი იყო და სადისციპლინო კომიტეტს მიმართეს, შემდეგ კი გუნდმა დისციპლინარების გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ბელგიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა „სერენის“ არგუმენტები ნაწილობრივ გაიზიარა, მაგრამ მიქაუტაძეს დისკვალიფიკაცია მთლიანად არ მოუხსნა – თუმცა, ქართველ თავდამსხმელს სასჯელი 3 მატჩამდე მაინც შეუმცირდა.