„სერენისთვის“ ზედმეტად კარგია - ბელგიურმა გამოცემამ მიქაუტაძე სეზონის სიმბოლური გუნდის კანდიდატად დაასახელა #1TVSPORT
„სერენისთვის“ ზედმეტად კარგია - ბელგიურმა გამოცემამ მიქაუტაძე სეზონის სიმბოლური გუნდის კანდიდატად დაასახელა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელებში დაასახელეს. ლიგის გამორჩეული რვა ცენტრალური ფორვარდის სია ბელგიურმა გამოცემა voetbalprimeur-მა შეადგინა, მათგან მკითხველმა წლის სიმბოლური ნაკრები უნდა შეადგინოს.

voetbalprimeur-მა გამოკითხვა 2021-2022 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების 11 მოთამაშისა და მწვრთნელის გამოსავლენად დაიწყო. ხმის მიცემა ორი მიმართულებით ჩატარდება. ქულების ნახევარს რედაქცია ანიჭებს, მეორე ნახევარს – მკითხველები. გამოცემა სიმბოლურ გუნდს 3-5-2 სათამაშო სქემით შეადგენს, რადგან ეს სქემა დასრულებულ სეზონზე ყველაზე გავრცელებული იყო და ტიტულის მთავარი პრეტენდენტები – „ბრიუგე“ და „უნიონ როიალი“ იყენებდნენ.

voetbalprimeur-მა საქართველოს ნაკრებისა და „სერენის“ ქართველი ლეგიონერის დასახელების მიზეზები განმარტა.

„გიორგი მიქაუტაძე, (სერენი) – „ სერენმა“ რომ მოახერხა ლიგაში ადგილის შენარჩუნება, დიდწილად მისი ბომბარდირებითაა განპირობებული. გავარდნის ზონაში მყოფი გუნდების ფორვარდების უმეტესობისგან განსხვავებით, მიქაუტაძე არ არის მაღალი და ზედმეტად განიერი მხრების მქონე ფეხბურთელი. მისი „საბრძოლო იარაღი“ სწრაფი დრიბლინგი, ზუსტი დარტყმები და არაორდინარული პოზიციებიდან დამიზნებაა. „სერენისთვის“ ზედმეტად კარგია“, – წერს გამოცემა.

გამოცემამ გიორგი მიქაუტაძის გარდა ასევე გამოარჩია შარლ დე კეტელარსი (ბრიუგე), დაიჩი ჰაიაში (სინტ-ტრუიდენი), ნოა ლენგი (ბრიუგე), ქერიმ მრაბტი (მეხელენი), ტარიკ ტისოდალი (გენტი), დანტე ვანზეირი (უნიონი), ჯელე ვოსენი (ზულტე ვარეგემი).