სერენა ვილიამსის მწვრთნელმა საჩოგბურთო ასოციაციებს მოთამაშეების დახმარებისაკენ მოუწოდა
სერენა ვილიამსის მწვრთნელმა საჩოგბურთო ასოციაციებს მოთამაშეების დახმარებისაკენ მოუწოდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, სერენა ვილიამსის მწვრთნელმა პატრიკ მურატოღლუმ მსოფლიო საჩოგბურთო ასოციაციების თავკაცებს იმ მოთამაშეების დახმარებისკენ მოუწოდა, რომელთაც კორონავირუსის გამო გადადებული ან გაუქმებული ტურნირების შედეგად მატერიალურად დაზარალდნენ.

მურატოღლუმ საკუთარ ტვიტერზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც რეიტინგის ტოპ-100 არ არიან, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიან.

„კალათბურთელებისგან და ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ჩოგბურთელებს ხელფასი არ აქვთ. ისინი დამოუკიდებლები არიან, მგზავრობის და მწვრთნელთა ხარჯებს თვითონ იხდიან. მათი მატერიალური სარგებელი ჩატარებულ და მოგებული მატჩებთან არის დაკავშირებული. წამყვან პოზიციებზე მყოფ ჩოგბურთელებს ფინანსური პრობლემები არ გააჩნიათ. რეიტინგში ასეულს მიღმა მდგომ მოთამაშეებს ძალიან გაუჭირდათ, რადგანაც მათ უმეტესობას სასპონსორო ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვთ. მივმართავ ATP-ს და WTA-ს ხელმძღვანელებს, დიდი სლემის ტურნირების ორგანიზატორებს, რათა შეიკრიბონ ვირტუალურად მაინც და ჩოგბურთელთა დასახმარებლად გადაწყვეტილება მიიღონ,”- დაწერა მურატოღლუმ.

ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ საჩოგბურთო სეზონი 13 ივლისამდე არ განახლდება. შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოში თითქმის ყველა სპორტის სახეობაში ასპარეზობები შეჩერებულია.