სერენა უილიამსმა ზედიზედ მეოთხე ფინალი წააგო
სერენა უილიამსმა ზედიზედ მეოთხე ფინალი წააგო

კანადის ქალაქ ტორონტოში „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი გახდა 19 წლის კანადელი სენსაცია ბიანკა ანდრეესკუ. ფინალში ის ამერიკელ ლეგენდას სერენა უილიამსს ხვდებოდა, რომელიც, თუ „დიდი სლემის“ ტურნირებს არ ჩავთვლით, პირველ ფინალს თამაშობდა ბოლო სამ წელიწადში.

გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა. ჩოგბურთელებმა 19 წუთი დაჰყვეს კორტზე, ანდრეესკუმ ბრეიკით წაიყვანა ანგარიში – 3:1, რის შემდეგაც თვალცრემლიანმა სერენამ ზურგის ტრავმის გამო მიატოვა თამაში.

ანდრეესკუსთვის ეს არის მეორე დიდი მოგება ამ სეზონში – წელს მას ინდიან უელსის ტურნირზეც გაიმარჯვა. ახლა, ბიანკა მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდება, რაც მისი კარიერის რეკორდია.

სერენა უილიამსმა შარშან, იანვარში დაბრუნების შემდეგ მეოთხე ფინალი ითამაშა და მეოთხედ დამარცხდა.