სერენა უილიამსმა ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა ავსტრალიაში

21:32, 29.11.2017

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს სერენა უილიამსს ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის ტურნირში და დაიცავს თუ არა შარშან მოპოვებულ ტიტულს.

ადრე, 36 წლის ამერიკელმა განაცხადა, რომ პირველი ბავშვის გაჩენისა და ქორწინების შემდეგ, იანვარში აპირებდა კორტზე დაბრუნებას.

„დიდი სლემის” რიგით პირველი ტურნირი სწორედ ამ თვეში გაიმართება.

„სერენა ემზადება მომავალი სეზონისთვის. ის ვარჯიშობს და იბრუნებს ფორმას. ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა მელბურნში. უახლოეს დღეებში, მას ფლორიდაში შევუერთდები. ვნახოთ, როგორ რეაგირებს დატვირთვებზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- ამბობს უილიამსის ფრანგი მწვრთნელი პატრიკ მურატოგლუ.
“დიდი სლემის” 23-გზის ჩემპიონმა პირველ სექტემბერს იმშობიარა. სერენა 2017 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა კორტზე.

მსგავსი