სერენა უილიამსის ქმარი დამოუკიდებელ კვლევას ითხოვს
სერენა უილიამსის ქმარი დამოუკიდებელ კვლევას ითხოვს

აშშ-ის ღია პირველობაზე სერენა უილიამსის გახმაურებული სკანდალის შემდეგ, 14 სექტემბერს, გაზეთებმა გამოაქვეყნეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, „დიდი სლემის“ ტურნირებზე მამაკაცი და ქალი ჩოგბურთელების დასჯის სტატისტიკა. შედეგებმა არ დაადასტურა სერენა უილიამსის მტკიცება იმის შესახებ, რომ მსაჯები მამაკაცების მიმართ უფრო ლმობიერები არიან.
მიუხედავად ამისა, სერენას მეუღლე ალექსის ოჰანიანი არ ეთანხმება სტატისტიკას და გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტ კრისტოფერ კლეირის აკრიტიკებს.

„მცირედი სტატისტიკური დახმარება „ნიუ იორკ თაიმსსა“ და კრისტოფერ კლეირის. არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი ინციდენტებისას, მამაკაცები უფრო ბევრ სასჯელს იღებენ, მაგრამ ქალებს, საშუალოდ, უფრო ხშირად სჯიან. მაგალითად, თუ მამაკაცები უწმაწური სიტყვებისთვის 3440 შემთხვევიდან 344-ჯერ დასაჯეს (10 პროცენტი), ხოლო ქალები – 700-დან 140 შემთხვევაში (20 პროცენტი), გამოდის, რომ ქალებს ორჯერ უფრო ხშირად სჯიან ერთი და იგივე დარღვევისთვის. სიამოვნებით დავეხმარები ფინანსურად დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს ნამდვილი ანალიზის ჩასატარებლად. სტატისტიკა შეიძლება ძალიან საინტერესო და საგულისხმო იყოს. ასე რომ, კლეირიმ სულ ტყუილად დახარჯა მელანი ცრუ სათაურისთვის და კვლევისთვის, რომელიც არაფერს ნიშნავს“, – დაწერა საკუთარ “ტვიტერზე” ოგანიანმა.

კლეირი „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტია, რომელიც „დიდი სლემის“ ტურნირებზე 1990 წლიდან მუშაობს. მას ზურგს 15 ოლიმპიადა და მსოფლიოს 5 ჩემპიონატი უმაგრებს.