სერენა უილიამსი მე-11 ნახევარფინალს ითამაშებს | უიმბლდონი 2019
სერენა უილიამსი მე-11 ნახევარფინალს ითამაშებს | უიმბლდონი 2019

ამერიკელმა სერენა უილიამსმა 97-ე მატჩი მოიგო უიმბლდონზე და ქალთა ტურნირის მეორე ნახევარფინალისტი გახდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ორ საათში დაამარცხა თანამემამულე ალისონ რისკე, რომელმაც წინა დღეს ბრძოლას გამოთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი. სერენამ სამ სეტში მოიგო – 6:4, 4:6, 6:3.

უილიამსი პირველ სეტში ორჯერ აგებდა ბრეიკით, მაგრამ 3:4-დან ზედიზედ სამი გეიმის აღება შეძლო. მეორე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი რისკემ მიიღო, ეს შანსი გამოიყენა და ამის ხარჯზე სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში ისევ ბევრი იყო ბრეიკ-პოინტი და ბრეიკი. ჯერ რისკე დაწინაურდა, რასაც სერენამ ორი ბრეიკით უპასუხა. მისმა მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა მერვე გეიმში უილიამსმა მეოთხე ცდიდან მოახერხა ბრეიკის შესრულება და შემდეგ მატჩზე ჩაწოდება შეძლო.

სერენამ ძალიან აგრესიულად ითამაშა – 48 „ვინერსი“ და 18 ეისი ჰქონდა. ის მეთერთმეტედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში და წინა 10 ცდიდან მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო ფინალში გასვლა – 2000 წელს, როცა უფროს დასთან, ვინუს უილიამსთან დამარცხდა.