სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს
სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერენა უილიამსმა განაცხადი შეიტანა 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობაზე. ტურნირის დირექტორის, კრეიგ ტილის თქმით, ამერიკელი აქტიურად ვარჯიშობს და მას იანვარში აუცილებლად ვიხილავთ ახალი სეზონის პირველ დიდ ჩემპიონატში.

უფრო ადრე, 36 წლის სერენამ განაცხადა, რომ კორტზე დაბრუნება იანვარში აქვს დაგეგმილი. უმცროსმა უილიამსმა ავსტრალიის ღიაზე შარშან მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას.

“მას აქვს ვიზა, მან შემოიტანა განაცხადი ტურნირში მონაწილეობაზე, ის უკვე ვარჯიშობს, – მოჰყავს BBC-ის ტილის სიტყვები. – ეჭვი არ გვეპარება, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ჩვენს ტურნირში”.

შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს უილიამსი დედა გახდა.

მამაკაცთა ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანეს “დიდი ოთხეულის” წევრებმა: რაფაელ ნადალმა, როჯერ ფედერერმა, ენდი მარეიმ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა.