სერბი ჩოგბურთელი – ტოპ-ასეულში ხუთი წელი უნდა იყო, რომ ბინა შეიძინო და მშვიდად იცხოვრო

20:20, 11.01.2021

სერბმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა კრუნიჩმა ინტერვიუში ილაპარაკა იმის შესახებ, რა თანხის გამომუშავება შეიძლება ქალთა ჩოგბურთში და რამდენად მძიმეა წარმატების მიღწევა.

„ეს სიმართლეა, რომ TOP200-ის მიღმა მყოფი ჩოგბურთელები საერთოდ არაფერს გამოიმუშავებენ. თუ საპრიზო თანხებზე ვილაპარაკებთ, ეს უბრალოდ შეუძლებელია – შენ 100 პროცენტით მინუსში ხარ. ჩოგბურთელს მესამე ასეულიდან წელიწადში ხუთჯერ-ექვსჯერ შეუძლია მოხვდეს WTA-ის ტურნირის კვალიფიკაციაში. თუ იქ წააგებ, ნულით ბრუნდები შინ, თან უნდა გაგიმართლოს და ტურნირზე გასამგზავრებლად თვითმფრინავზე იაფი ბილეთი უნდა იშოვნო. მაგრამ არიან კიდევ ფიზიოთერაპევტები, მწვრთნელი და სხვა პერსონალი – მათაც უნდა გადაუხადო ფული.

მაშინაც კი, როცა TOP200-ში ხარ, მაინც მძიმე მდგომარეობაა – შანსები მხოლოდ კვალიფიკაციებსა და „დიდი სლემის“ ტურნრებზეა. იქ შეიძლება გარკვეული თანხის გამომუშავება და ნულიდან გამოსვლა. იმისთვის, რომ ხუთი წლის შემდეგ ბინა შეიძინო და მშვიდად იცხოვრო, სტაბილურად უნდა იყო ტოპ-ასეულში. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ ორი წელი ვიყავი TOP100-ში და კიდევ ორი წელი – TOP50-ში. საბოლოოდ, შევიძინე ბინა და რაღაც დამრჩა საბანკო ანგარიშზე. მხოლოდ მაშინ შემეძლო მშვიდად დამეწყო სეზონი და არ მეფიქრა იმაზე, როგორ გადამეხადა მწვრთნელებისთვის“, – განაცხადა კრუნიჩმა.

27 წლის ალექსანდრა კრუნიჩი 232-ე პოზიციაზეა WTA-ის კლასიფიკაციაში. მას ერთი ტიტული აქვს მოგებული პროფესიულ ტურში, კიდევ ათი – ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დონეზე.

WTA-ის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, კარიერის განმავლობაში სერბმა 2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი