სერბეთის ნაკრების მწვრთნელი - ფინეთი და საქართველო ფავორიტები არ არიან, თუმცა მათგან დიდ წინააღმდეგობას ველით #1TVSPORT
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი - ფინეთი და საქართველო ფავორიტები არ არიან, თუმცა მათგან დიდ წინააღმდეგობას ველით #1TVSPORT

დღეს ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები გახდა ცნობილი.

ჩვენი გუნდი G ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე არიან სერბეთის, ფინეთისა და დანიის ნაკრებები. 2025 წლის კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპი სამ სანაკრებო ფანჯარაში ჩატარდება. პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, მეორე – 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო მესამე – 2025 წლის 17-25 თებერვალს. თითოეულ ფანჯარაში ნაკრებები 2-2 თამაშს ითამაშებენ.

წილისყრას ჯგუფის მთავარი ფავორიტის, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები ფავორიტებად არ ითვლებიან, თუმცა მათგან დიდ წინააღმდეგობას ელის.

„ახლა მხოლოდ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წილისყრამ მეტოქეებად ფინეთი და საქართველო გვარგუნა. მუნდიალზე ეს გუნდებიც იქნებიან. მათ ფავორიტებად არ მიიჩნევენ, თუმცა დიდ წინააღმდეგობას ველით.

სერბეთის ნაკრების მიზანი ევრობასკეტზე გასვლა იქნება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ ამ ტურნირზე საუბარი ადრეა, რადგან კალენდარიც არაა ცნობილი და ისიც არ ვიცით, თებერვლისთვის როგორი შემადგენლობა გვეყოლება“, – განაცხადა პეშიჩმა.

G ჯგუფის მონაწილე ფინეთის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და ის ფინალურ ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშებს. ასე რომ, ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე, ფინეთის გარდა, ორი საუკეთესო ნაკრები გავა. მაგალითისთვის, თუ ფინეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ.