სერბების მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება, რუსეთმა პლეიოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, სერბეთის ეროვნულმა გუნდმა, პუერტო რიკოს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით, 90-47 დაამარცხა. ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდში 18 ქულით საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოდგა, 16 ქულის დაგროვება შეძლო ბობან მარიანოვიჩმა, ნიკოლა იოკიჩმა კი 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
პუერტორიკოელთა შორის ყველაზე მეტი, 11 ქულა, დევიდ უერტასის ანგარიშზეა.
პლეიოფში გასვლის მინიმალური შანსი დაიტოვა რუსეთის ეროვნულმა გუნდმა. ბაზარევიჩის გაწვრთნილებმა პოლონეთთან 5 ქულის სხვაობით, 74-79 წააგეს. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინა ვენესუელას დამარცხებას შეძლებს, რუსები მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს დაკარგავენ. პოლონელთა შორის საუკეთესო, 18 ქულით, ადამ ვაშინსკი გამოდგა, მატეუშ პონიტკას ანგარიშზე 14 ქულაა.
რუსებს შორის ყველაზე მეტი, 21 ქულა, მიხაილ კულაგინმა დააგროვა. დღესვე მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი საინტერესო მატჩი შედგება. 16:00 სააათზე არგენტინა ვენესუელას შეხვდება. 16:30 წუთზე კი დღის ცენტრალური დაპირისპირება ესპანეთსა და იტალიას შორის ჩატარდება.