„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი „ოლდ ტრაფორდზე“ ერთი მატჩისთვის დაბრუნდება.
შოტლანდიელი სათავეში ჩაუდგება „მანჩესტერის“ ლეგენდების გუნდს „ბაიერნის“ ლეგენდების წინააღმდეგ მატჩში.
ეს იქნება საქველმოქმედო შეხვედრა, რომელიც „იუნაიტედის“ ცნობილი ჰეთ-თრიკის 20 წლისთავს მიეძღვნება. შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ 2019 წლის 26 მაისს გაიმართება. 1999 წელს სწორედ „ბაიერნთან“ (2:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიფორმა „მანჩესტერმა“ ჰეთ-თრიკი – მოიგო ერთ სეზონში ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მართლაც.
„მოუთმენლად ველოდები ამ განსაკუთრებულ დღეს „ოლდ ტრაფორდზე“. შესანიშნავი იქნება ნაცნობი სახეების ხილვა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფონდის მუშაობას მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ფერგიუსონმა.
2018 წლის მაისში, შოტლანდიელმა სპეციალისტმა ინსულტი გადაიტანა, მაგრამ შეძლო აღდგენა და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამჟამად ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის არაოფიციალური კონსულტანტია.