სეოკ-მა საუკეთესოები გამოავლინა - ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია გამართა.

2019 წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი ქალთა შორის, ახალგაზრდა ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. მამაკაცთა შორის იგივე ჯილდოს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში – კალათბურთელი გოგა ბითაძე ცნეს. სპორტის ზამთრის სახეობაში 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გახდნენ.

წლის საუკეთესო მწვრთნელად მოჭიდავეთა დამრიგებელი გიორგი იანტბელიძე აღიარეს. გიორგი თენაძე – ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს ერგო. საუკეთესო სპორტული მენეჯერი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილია. 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაციის სტატუსი საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიანიჭეს. 2019 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა და საქართველოს ბანკისგან საჩუქრად 10,000 ლარი მიიღო. საქართველოს ბანკისგან ამავე ოდენობის თანხით დასაჩუქრდა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი.

 

დატოვე კომენტარი