სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – არაა გამორიცხული, სალიცენზიოდ ახალი კრიტერიუმებიც შეადგინონ
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ) აცხადებენ, რომ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადება არ იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გააკეთა.
„დღეს ოლიმპოში, ოლიმპიური თამაშების ცეცხლი აინთო და დიდი იმედი მაქვს, რომ ოლიმპიური ჩირაღდანი დაგეგმილ გზას დაგეგმილი გრაფიკით გაივლის, ხოლო 2020 წლის 24 ივლისს ეს ცეცხლი ტოკiოში დაინთება. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტსა და იაპონიის მთავრობაში მკვეთრად აცხადებენ, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართება” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ელგუჯა ბერიშვილი.
სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უმნიშვნელოვანესი მსოფლიო სპორტული შეჯიბრებზე მოსახვედრად აუცილებელი სალიცენზიო ტურნირები, შესაძლოა, ახალი გრაფიკით გაიმართოს.
“ბევრი სალიცენზიო ტურნირი გადაიდო და ცახდია, საერთაშორისო ფედერაციებს სატესტო შეჯიბრებების გამართვის ვადების გადახედვა მოუწევთ. არაა გამორიცხული, სალიცენზიოდ ახალი კრიტერიუმებიც შეადგინონ” – აცხადებს ბერიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საბერძნეთში, ანტიკურ ოლიმპიაში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ტრადიციული ცერემონია გაიმართა. აჟღერდა ოლიმპიადის წლევანდელი მასპინძლის, იაპონიისა და ოლიმპიადის სამშობლოს, საბერძნეთის სახელმწიფო ჰიმნები და ამ ქვეყნების სახელმწიფო დროშები აღიმართა. ცეცხლის დანთების რიტუალი და მხატვრული წარმოდგენა ჰერას ტაძრის ნანგრევებთან შედგა, ოლიმპიური ცეცხლი კი პირველ მეჩირაღდნეს გადაეცა.