სენტ ეტიენში მიქაუტაძის გოლის აღნიშვნა არ მოეწონათ - რატომ შეჩერდა „სენტ ეტიენისა“ და „მეცის“ თამაში [ვიდეო] #1TVSPORT

ლიგა 2-ის 32-ე ტურის მატჩი „სენტ ეტიენსა“ და „მეცს“ შორის 10 წუთით შეწყდა მას შემდეგ, რაც სტუმრები 0:3 დაწინაურდნენ. როგორც ფრანგული „ევროსპორტი“ ამტკიცებს, მასპინძელთა გულშემატკივრებს შეხვედრის ქართველი გმირის, გიორგი მიქაუტაძის მიერ გოლის აღნიშვნა არ მოეწონათ და „მეცის“ ფანებს დაუპირისპირდნენ.

„ლიონში დაბადებულმა „მეცისა“ და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირმა მასპინძელთა ფანების წინაშე იზეიმა – მან გამოსახა ნიშანი, რომელიც სენტ ეტიენის გულშემატკივრებმა გამოწვევად ჩათვალეს და მატჩი შეჩერდა. მეორე გოლის გატანის შემდეგ მიქაუტაძემ მეზობელი რაონის დეპარტამენტის (სადაც „სენტ ეტიენთან“ დაპირისპირებული „ლიონი“ შედის) ნომერი 69 გამოსახა.

მეცის“ გულშემატკივრებმა გოლი მიქაუტაძის მაისურით იზეიმეს, რის შემდეგაც ორი კლუბის გულშემატკივრებს შორის ჩხუბი დაიწყო, მომხდარმა არბიტრი აიძულა, მატჩი დაახლოებით ათი წუთით შეეჩერებინა“, – წერს „ევროსპორტის“ ფრანგული ბიურო და მატჩის გმირი ქართველი თავდამსხმელის კომენტარს აქვეყნებს.

„ასე რატომ აღვნიშნე? ცუდი იდეაა? შეიძლება, მაგრამ მე ლიონელი ვარ და ჩვენ სენტ ეტიენში ვართ“, – განაცხადა მიქაუტაძემ BeIn Sports-თან ინტერვიუში.

საქმე ისაა, რომ ეს ჟესტი პირველად 2017 წლის 5 ნოემბერს „სენტ ეტიენთან“ სტუმრად გატანილი გოლის შემდეგ „ლიონისა“ და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, ნაბილ ფეკირმა გამოსახა და სტადიონის დაცვის წინაშე მაისური ააფრიალა. „ლიონი“ 5:0-ს იგებდა – ადგილობრივი ფანები მოედანზე შევარდნენ, მსაჯი კი იძულებული გახდა, მატჩი 20 წუთით შეეწყვიტა.