„სენტ-ეტიენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩში კვარაცხელიამ გაიტანა, დავითაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „სენტ ეტიენმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და 1:6 დამარცხდა. 27-ე ტურის შეხვედრაში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო – „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა 62 წუთი ითამაშა, ხოლო პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიამ – 63 წუთი და თავის გამოჩენა ორივემ შეძლო.
„სენტ-ეტიენმა“ კარგი პირველ ტაიმი ჩაატარა და მე-9 წუთზე ლუკას სტასინის გოლით დაწინაურდა – საგოლე გადაცემა კი დავითაშვილმა ჩაიწერა, რომელიც პირველ ტაიმში შესანიშნავად გამოიყურებოდა და კიდევ რამდენჯერმე სცადა მეტოქის კართან ვითარების გამწვავება.
პარიზელებმა 43-ე წუთზე გაბრიელ რამოსის მიერ შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრეს, მეორე ტაიმში კი მეტოქეს კიდევ ხუთი ბურთი გაუტანეს. 50-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა, მეტოქეს მოედნის ცენტრთან ბურთი აართვა, საჯარიმოში მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და პარიზელები დააწინაურა. ამის შემდეგ დეზირე დუემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჟოაო ნევეშმა და იბრაჰიმ მბაიემ გაიტანეს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 71 ქულა დააგროვა და თუ ამ ტურში „მონაკო“ ვერ მოიგებს, პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონობას სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე იზეიმებენ.
ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.