დიდი სენსაციით დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტური: აუტსაიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად დაამარცხა.
ანგარიში 53-ე წუთზე ზურაბ სეხნიაშვილმა გახსნა. დიდი მცდელობის მიუხედავად, დინამოელებმა მეტოქის კარი ვერ აიღეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს 0:1.
უგოლოდ დასრულდა საჩხერის „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა 0:0.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ჩემპიონი „საბურთალო“ გახდა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა“ (19 ქულა), ქუთაისის „ტორპედომ“ (17 ქულა) წრე მესამე პოზიციაზე დაასრულა, ხოლო დღევანდელი მარცხით „დინამო“ (16) მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა.
რაც შეეხება აუტსაიდერებს: „ვიტ ჯორჯიამ“ მდგომარეობა გაიუმჯობესა, 11 ქულით ბოლნისის „სიონს“ დაეწია და მასთან მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს. „ლოკომოტივი“ ექვსი ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა, ხოლო ბოლო საფეხურზე „რუსთავია“ (სამი ქულა), რომელმაც წრე მოგების გარეშე დაასრულა.