სენსაციები საქართველოს თასზე - მესამელიგელებმა გაილაღეს
სენსაციები საქართველოს თასზე - მესამელიგელებმა გაილაღეს

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში 29 აგვისტოს მეორე ეტაპის სამი მატჩი გაიმართა და სენსაციური შედეგებით დასრულდა.

ლიგა 3-ის წარმომადგენელმა „სპაერმა“ ლიგა 2-ის გუნდს, „რუსთავს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე 18 წლის ნიკა ხორხელმა გაიტანა.

წყალტუბოს „26 მაისის“ არენაზე „სამგურალმა“ „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა 3:0. თავი გამოიჩინეს გრიგოლ დოლიძემ (26), დავით რაჟამაშვილმა (43) და დემურ ჩიხლაძემ (67). ანგარიშში სხვაობა მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ წყალტუბოელთა ნახევარმცველმა პაპუნა ფონიავამ 36-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

სიურპრიზი გამოდგა ლიგა 3-ის გუნდის, „თბილისი სითის“ გამარჯვება, რომელმაც ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ 1:0 სძლია. თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში გამართულ ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე პენალტით ბექა ხოჯანაშვილმა გაიტანა.

საქართველოს თასის მეორე ეტაპი 27 აგვისტოს დაიწყო. პირველი მატჩი ჩოხატაურის „ბახმარომ“ ეროვნული ლიგის ბინადარ „თელავთან“ 0:2 წააგო.

მეორე ეტაპის დარჩენილი შეხვედრები 30 აგვისტოს გაიმართება. მასში ეროვნული ლიგის ექვსი გუნდი ჩაერთვება. ევროთასების მონაწილეები კი მესამე ეტაპიდან ითამაშებენ.