სენსაციები მოსკოვსა და სტამბოლში - ბასკონიამ და ჟალგირისმა ფავორიტებს მოუგეს
სენსაციები მოსკოვსა და სტამბოლში - ბასკონიამ და ჟალგირისმა ფავორიტებს მოუგეს

საკალათბურთო „ევროლიგის“ მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები სენსაციური შედეგებით დასრულდა. თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მოსკოვის „ცსკა“ სტუმრად ანგარიშით 78-68 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ბასკური გუნდის ქართველმა კაპიტანმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 22:37 წუთში შვიდი ქულა, ხუთი მოხსნა, ორი პასი, ორი ჩაჭრა და ერთი დაფარება ჩაიწერა აქტივში. ბასკონიელებმა ძირითადი უპირატესობა პირველ და მესამე მეოთხედებში მოიპოვეს. გამარჯვებულთა რიგებში 16 ქულით საუკეთესო დერან ჰილარდი იყო. 15 ქულა მოიპოვა შეივონ შილდსმა. ამ წყვილის მომდევნო ორი დაპირისპირება ესპანეთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდეა.

„ბასკონიას“ მსგავასად მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა კაუნასის „ჟალგრისმა“. ლიეტუვის კლუბმა ტურნირის ერთერთი ფავორიტი „ფენერბაჰჩე“ სტამბოლში დაამარცხა. კაუნასელებმა, პირველ თამაშში 43-76 განადგურების შემდეგ, სრულად შეძლეს მობილიზება და დაძაბულ მეორე შეხვედრაში 82-80 მოიგეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ედგარას ულანოვასმა. ლიეტუვის ნაკრების ცენტრი 20 ქულით და შვიდი მოხსნით შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. 14 ქულა დაფიქსირდა ნეიტ უოლტერსის ანგარიშზე. შარუნას იასიკევუჩუსის გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მომდევნო ორ მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს.

დღეს მოეთხეფინალის დარჩენილი ორი წყვილის შეხვედრები შედგება. „ეფესი“ საკუთარ მოედანზე მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება „ბარსელონას“ წინააღმდეგ, ხოლო მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ ათენის „პანათინაიკოსს“ კვლავ საკუთარ დარბაზში მიიღებს.