სენსაცია ტოკიოს ოლიმპიადაზე - აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა #1TVSPORT
სენსაცია ტოკიოს ოლიმპიადაზე - აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს სტარტი აიღო კალათბურთის კაცთა ტურნირმა, სადაც დღის ცენტრალური მატჩი „საიტანა სუპერ არენაზე“ გაიმართა. ტოკიო 2020-ის მთავარი ფავორიტი, აშშ-ის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და პირველად 2004 წლის შემდეგ ოლიმპიადაზე დამარცხდა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო, მეტოქეს 7 ქულით გაექცა და პირველივე მეოთხედში მოიპოვა უპირატესობა. მეორე პერიოდი შედარებით უფრო დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში გუნდები შესვენებაზე რვაქულიანი სხვაობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული საფრანგეთის ნაკრები გამოვიდა, რომელმაც მესამე მეოთხედის 13 ქულით მოგება მოახერხა და თამაში მის სასარგებლოდ შემოატრიალა. აშშ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში გამოფხიზლდა და წინ გავიდა, მაგრამ მატჩის მიწურულს, ფრანგების ლიდერები უკეთ გამოიყურებოდნენ და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა. სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი 76:83 დამარცხდა.

შეხვედრაში საუკეთესო ევან ფურნიე იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა და უდიდესი წვლილი შეიტანა საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებაში. კოლეს გუნდიდან გამორჩეული იყო „იუტა ჯაზის“ ცენტრი, რუდი გობერი, რომელსაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 14 ქულა და 9 მოხსნაა. აშშ-ის მხრიდან ყველაზე შედეგიანი ჯრუ ჰოლიდეი იყო 18 ქულით. 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ბემ ადებაიომ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს კევინ დურანტის ძალიან ცუდი თამაში, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ 10 ქულა დააგროვა და ხუთი ჯარიმის გამო შეხვედრა ნაადრევად დატოვა.

შემდეგ მატჩში აშშ ირანის ნაკრებს 28 ივლისს დაუპირისპირდება, საფრანგეთი კი ჩეხეთს.

ირანი – ჩეხეთი 78:84

გერმანია – იტალია 82:92

ავსტრალია – ნიგერია 84:67