სენსაცია თბილისურ დერბიში - „დინამო“ „ლოკომოტივთან“ დამარცხდა
სენსაცია თბილისურ დერბიში - „დინამო“ „ლოკომოტივთან“ დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დღეს კიდევ ერთი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. მე-13 ტურში მორიგი „თბილისური დერბი“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა „დინამომ“ ბოლოადგილოსან „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

სტუმრებმა 24-ე წუთზე „დინამოს“ კურიოზული გოლი გაუტანეს: მასპინძელთა მეკარე სტეფან სიკაჩს მოედანზე ფეხი დაუცდა, მასთან პირისპირ გასულმა დავით სამურკასოვმა კი „ლოკომოტივი“ დააწინაურა. როგორც შემდეგ გაირკვა, სიკაჩს კუნთი დაეჭიმა და მოედნის დატოვება მოუხდა.

„დინამოს“ ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ 54-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, „დინამომ“ მეტი ვეღარ შეძლო და კიდევ ორი გოლი გაუშვა: 78-ე წუთზე მასპინძელთა კარი ჯერ 18 წლის რევაზ ინგლიამ აიღო, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დააფიქსირა და ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „ლოკომოტივმა“ 3:1 მოიგო.

ამ გუნდების 53-ე შეხვედრაში „ლოკომოტივმა“ მეათედ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ერთდროულად ორი საფეხურით გაიუმჯობესა – 12 ქულით გუნდი მეათედან მერვე ადგილზე დაწინაურდა, „დინამო“ კი 20 ქულით მისთვის შეუფერებელ მეოთხე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივმა“ მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოიგო და აქედან სამჯერ ლიდერთა ხუეთეულის გუნდები („დინამო“, „ტორპედო“, „ჩიხურა“) დაამარცხა.