სენსაცია საქართველოს ჯგუფში - ესპანეთის ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა [ფოტო] #1TVSPORT
სენსაცია საქართველოს ჯგუფში - ესპანეთის ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა [ფოტო] #1TVSPORT

A ჯგუფის მე-3 ტურის მეორე შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მოულოდნელად 73-83 დამარცხდა.

შეხვედრა დაბალი შედეგიანობით გამოირჩეოდა. პირველი მეოთხედი ესპანეთმა 4 ქულით დათმო, მაგრამ მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორა და  დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდა.

შეხვედრის მესამე პერიოდი მოულოდნელად განვითარდა და დარიო გიერგიას გუნდმა მნიშვნელოვანი გაქცევა განახორციელა. ყველაზე მეტი ბურთი სწორედ ამ მეოთხედში ჩავარდა, მაგრამ ბელგიას უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და გადამწყვეტ პერიოდამდე სხვაობა ბელგიის სასარგებლოდ 3 ქულა იყო. მეოთხე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლოს კი ბელგიამ მეტოქე აშკარად დაჩაგრა და 10 ქულით მოიგო.

შეხვედრაში საუკეთესოები 14-14 ქულით ვილი ერნანგომესი და მანუ ლაკომტე იყვნენ.

მე-3 ტურს A ჯგუფში საქართველოს ნაკრები დახურავს, რომელიც თურქეთს შეხვდება – მატჩი 21:00-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გუნდს 2 ტურის შემდეგ 2 მარცხი აქვს ესპანეთთან და ბელგიასთან, თურქეთის ნაკრებს კი 2-დან 2 მოგება, ბულგარეთთან და მონტენეგროსთან.