სენსაცია ეროვნულ ლიგაში - „საბურთალომ“ აუტსაიდერი ვერ დაამარცხა
სენსაცია ეროვნულ ლიგაში - „საბურთალომ“ აუტსაიდერი ვერ დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მორიგ შეხვედრაში „საბურთალომ“ მიხეილ მესხის სახელობის არენაზე მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერი, თბილისის „მერანი“ მიიღო და მოულოდნელად, მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო.

„საბურთალოს“ 19 ქულა ჰქონდა და მოგების შემთხვევაში, მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერს და მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისს“ დაეწეოდა. თემურ შალამბერიძის გუნდმა პირველ ტაიმში რამენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ „მერანის“ კარის აღება ვერ მოახერხა და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.

მეორე ნახევარში „საბურთალომ“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა. 78-ე წუთზე გიორგი გულიაშვილის წაქცევის შემდეგ, „მერანის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც „საბურთალოს“ ახალწვეულმა ოლოვიე ბუმალმა ძალიან ცუდად შეასრულა – ბურთი მეკარე რევაზ თევდორაძემ მოიგერია, რომელმაც კამერუნელ ლეგიონერს დამატებაზეც აჯობა.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა – 11 ტურის შემდეგ, „საბუთალომ“ 20 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (20 ქულა) დაეწია, მაგრამ ისევ მესამე ადგილზეა. „მერანმა“ საჩხერეს „ჩიხურასავით“ ხუთი ქულა დააგროვა, მაგრამ პირადი შეხვედრებით გადაასწრო და მეცხრე ადგილზე დაწინაურდა.